06.02.2012 - www.ael.ge switch to English
   ეთიკის კოდექსი

1. საერთო დებულებები, კოდექსის მიზნები, საფუძვლები და პრინციპები.

1.1 ეს კოდექსი მიზნად ისახავს აკადემიის ადმინისტრაციისა და სტუდენტების ეფექტური აკადემიური თანამშრომლობის უზრუნველყოფას, რაც მოემსახურება აკადემიის საგანმანათლებლო მიზნებს, სტუდენტების აკადემიური წარმატების მიღწევისთვის თავისუფალი და თანასწორი გარემოს შექმნას, აკადემიის რეპუტაციის განუხრელ დაცვას.

1.2. კოდექსით რეგულირებული ქცევის მონაწილე პირები ხელმძღვანელობენ ადამიანის უფლებების, კანონიერების, ზნეობის საყოველთაოდ აღიარებული ნორმებითა და პრინციპებით.

1.3. კოდექსის მიზნები მიიღწევა პერსონალისა და სტუდენტების ნებაყოფლობითი ერთობლივი ძალისხმევით, გამოხატვის თავისუფლებისა და ინფორმირებულობის პრინციპების დაცვით. ამასთან, აკადემიის ადმინისტრაცია უფლებამოსილია განახორციელოს მეთვალყურეობა, მოთხოვოს წესრიგის დაცვა, გამოიყენოს იძულებითი და დამსჯელი ღონისძიებები უხეში დისციპლინური გადაცდომისთვის.

1.4. ადმინისტრაცია პასუხისმგებელია სტუდენტისთვის სავალდებულო, აკადემიის საწესდებო დოკუმენტების (ბრძანებები, დებულებები, შინაგანაწესი, ეს კოდექსი და სხვ.) ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე, აგრეთვე სათანადო განმარტებების მიცემაზე. პერსონალის წარმომადგენლის მიერ უფლებამოსილების გადამეტება ან ბოროტად გამოყენება წარმოადგენს მისი პასუხისმგებლობის საფუძველს.

1.5. სტუდენტი უფლებამოსილია მოითხოვოს ბრალდების მოხსნა და სარეაბილიტაციო წარმოება მისი უსამართლოდ დასჯის შემთხვევაში.

2. სავალდებულო წესები და მათი საფუძვლები 
2.1. ადმინისტრაცია მოქმედებს მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებების ფარგლებში. სავალდებულო წესები და აკრძალვები ყალიბდება აკადემიის შიდა რეგულირების საწესდებო დოკუმენტებში, რომელთა დარღვევა იწვევს დისციპლინურ პასუხისმგებლობას.

2.2. დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველია აგრეთვე მოქმედი კანონმდებლობის უხეში დარღვევის ფაქტები.

2.3. მოქმედ კანონმდებლობასთან ერთად, აკადემიაში სავალდებულო ნორმებს წარმოადგენს აკადემიის წესდება, შინაგანაწესი, ეს კოდექსი, რექტორის ბრძანებები, ფაკულტეტებზე მოქმედი წესები, სტუდენტის აკადემიური ხელმძღვანელის სამართლიანი მოთხოვნები, რაც მიმართულია აკადემიური კეთილსინდისიერების, თანაბარი კონკურენციის, ეთიკური თანამშრომლობის პრინციპებისკენ.

2.4. აკადემიური პროცესის ხელმძღვანელი უფლებამოსილია დააწესოს სავალდებულო წესები კონკრეტული მეცადინეობის, დავალების შესრულებისთვის, როგორიცაა ტექსტების, ტექნიკური და სხვა საშუალებების გამოყენების აკრძალვა, რაც სამართლიანად უნდა ემსახურებოდეს მოცემული დავალების შესრულებისას სტუდენტების საკუთარი უნარების დამოუკიდებლად გამოვლენისა და მათი თანაბარი კონკურენციის მიზნებს.

2.5. დისციპლინურ განხილვას ექვემდებარება გადაცდომები, რომლებიც ჩადენილია აკადემიის ტერიტორიაზე, აგრეთვე აკადემიის მიერ ან მისი მონაწილეობით ორგანიზებულ ღონისძიებებზე აკადემიის გარეთ.

2.6. ,,2. 5’’ პუნქტში დასახელებული შემთხვევების გარდა, აკადემიის გარეთ ჩადენილი გადაცდომების დასჯადობა განისაზღვრება შინაგანაწესისა და ამ კოდექსის სპეციალური ნორმებით.

3. გადაცდომის კლასიფიკაცია და სახეები 
3.1. დისციპლინურ განხილვას ექვემდებარება აკადემიური გადაცდომები და გადაცდომები წესრიგისა და სხვა პირთა უფლებების წინააღმდეგ.

3.2. აკადემიურ გადაცდომად ჩაითვლება:
ა) აკადემიური წარმატების მიღწევის მიზნით სხვისი ნდობით ბოროტად სარგებლობა ან მოტყუება, აკრძალული საშუალებების ან სხვა სტუდენტის ნაშრომის ფარული გამოყენება, ნაშრომების, დოკუმენტების, შეფასების დამალვა, დაზიანება, განადგურება, შეცვლა, გადასწორება ან სხვაგვარი მოქმედებები. აგრეთვე სხვისი ნაშრომის მითვისება.
ბ) სხვა სტუდენტის აკადემიური მიღწევებისთვის ხელის შეშლა, მისი ნაშრომის დაზიანება-განადგურებით, შეცვლით, შეფასების გადასწორებით ან ნებისმიერი სხვა საშუალებებით.
გ) აკადემიური პროცესის, მეცადინეობის, გამოცდის ჩაშლის განზრახ პროვოცირება, ჩადენილი ნებისმიერი საშუალებით, აგრეთვე ავადმყოფობის ან სხვა ხელისშემშლელი გარემოების სიმულაცია.

3.3. საზოგადოებრივი წესრიგისა და სხვა პირთა უფლებების დარღვევად ჩაითვლება:
ა) კონფლიქტური ვითარების პროვოცირება,
ბ) სხვისი ქონების ხელყოფა მითვისებით, განადგურებით ან დაზიანებით,
გ) საზოგადოებისადმი უპატივცემულო, ამორალური, გამომწვევი საქციელი,
დ) სხვა პირების მიმართ ძალადობის ნებისმიერი აქტი, იძულება, მუქარა. ფსიქოლოგიური ზეგავლენა დაშინების, წაქეზების ან სხვა საშუალებით.
ე) აკადემიის ტერიტორიაზე აკრძალული საგნებისა და ნივთიერებების შემოტანა, შენახვა, გამოყენება.
ვ) სამოქალაქო ბრუნვის საგნების და ნივთიერებების გამოყენება აკადემიური პროცესის ჩაშლის, შეფერხების ან სხვა პირებზე მართლსაწინააღმდეგო ზემოქმედების მიზნით.
ზ) აკადემიური ხელმძღვანელის ან აკადემიის პერსონალის მიმართ დაუმორჩილებლობა.

3.4 სტუდენტებს ეკრძალებათ აზარტული თამაშები აკადემიის ტერიტორიაზე.

3.5 თამბაქოს მოწევა აკადემიაში ნებადართულია მხოლოდ აკადემიური პროცესისგან თავისუფალ დროს, სპეციალურად განსაზღვრულ ადგილებში.

3.6. აკადემიის ადმინისტრაცია უფლებამოსილია აცნობოს ხელისუფლების ორგანოებს სტუდენტის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ან სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველი გადაცდომის ფაქტზე. დისციპლინური წარმოება წარიმართება ხელისუფლების ორგანოების რეაგირებისგან დამოუკიდებლად.

3.7. აკადემიის ადმინისტრაცია განახორციელებს საგანგებო, დაუყოვნებელ ჩარევას გადაცდომის აღსაკვეთად ან თავიდან ასაცილებლად, ხელისუფლების ორგანოებისგან დამოუკიდებლად.

4. დისციპლინური სასჯელები   
4.1. აკადემიური გადაცდომისთვის შეიძლება გამოყენებული იქნეს შემდეგი დისციპლინური სასჯელები:
 ა) აკადემიური შეფასების დაკლება ან გაუქმება
 ბ) კრედიტის არ მიცემა ან გაუქმება

4.2. სხვა გადაცდომებისთვის გამოიყენება:
ა) წერილობითი გაფრთხილება
ბ) მეცადინეობებზე დასწრების აკრძალვა გარკვეული ვადით,
გ) აკადემიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობის/ დასწრების აკრძალვა
დ) აკადემიიდან გარიცხვა _ უხეში გადაცდომისთვის ან გაფრთხილების მიღების შემდეგ ჩადენილი გადაცდომისთვის, აგრეთვე მისთვის ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლებრივი სასჯელის შეფარდების შემთხვევაში.

4.3. დისციპლინური სასჯელის გამოყენება შეიტანება სტუდენტის პირად საქმეში და აისახება მის დახასიათებაზე.

4.4. აკადემიიდან გარიცხვა შესაძლებელია სტუდენტის აკადემიური ჩამორჩენის ან სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო.

 4.5. გადაცდომით გამოწვეული ქონებრივი ზიანი გამოიწვევს სტუდენტის მატერიალურ პასუხისმგებლობას.

5. დისციპლინური წარმოების სუბიექტები და განხილვის წესი

5.1. სტუდენტების დისციპლინური პასუხისმგებლობის, აგრეთვე დისციპლინური სასჯელის მოხსნის საკითხს განიხილავს ფაკულტეტის საბჭო.

5.2. გადაცდომის შესახებ არსებული ინფორმაციის ან მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, ფაკულტეტის დეკანი წყვეტს დისციპლინური განხილვის დაწყების საკითხს.

5.3. დისციპლინური განხილვის დაწყება აგრეთვე შესაძლებელია რექტორის ან ვიცე-პრეზიდენტის გადაწყვეტილებით.

5.4. აკადემიური პროცესის ხელმძღვანელი პირი უფლებამოსილია სტუდენტს აუკრძალოს დასწრება მეცადინეობის დასრულებამდე, მის მიერ წესრიგის დარღვევის, სასწავლო პროცესისთვის ხელის შეშლის გამო. ასეთი ფაქტი შეიძლება გახდეს დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძველი.

5.5. გადაცდომის შედეგების დოკუმენტური დამაგრების მიზნით, ადმინისტრაციული ან აკადემიური პერსონალის წარმომადგენელი წერს აქტს ვითარების აღწერითა და დამსწრე პირების ხელმოწერით.

5.6. ფაკულტეტის საბჭოზე საკითხის არსებითად განხილვამდე სტუდენტს ეძლევა შესაძლებლობა განსახილველი ფაქტის შესახებ მისცეს ახსნა-განმარტება წერილობით ან ზეპირად.

5.7. ფაკულტეტის საბჭო უფლებამოსილია ნება დართოს სტუდენტს დაესწროს საბჭოს სხდომას, რომელზეც განიხილება მისი დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი, ხოლო არასრულწლოვანი სტუდენტის საქმის განხილვაზე ნებადართულია მისი მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის დასწრება.

5.8. საქმის გარემოებების სრულად გარკვევის მიზნით შესაძლებელია ახსნა-განმარტებების მიღება აკადემიის პერსონალისა და სტუდენტებისგან, აგრეთვე სხვა პირებისგან, რომლებიც ფლობენ ინფორმაციას განსახილველი ფაქტის შესახებ.

5.9. ფაკულტეტის საბჭო, საქმის გარემოებების ყოველმხრივი შესწავლის საფუძველზე ღებულობს გადაწყვეტილებას დისციპლინური სასჯელის შერჩევის და გამოყენების შესახებ, ან დისციპლინური განხილვის შეწყვეტის შესახებ. საბჭოს გადაწყვეტილებები უნდა იყოს დასაბუთებული.

5.10. გადაწყვეტილება დისციპლინური სასჯელის გამოყენების შესახებ ფორმდება რექტორის ბრძანებით.

5.11. თუკი რექტორი არ დაეთანხმება ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებას, იგი საკითხს გადასცემს მმართველ საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად.

6. სტუდენტის უფლებები განმარტების მიღებასა და დისციპლინურ წარმოებაში მონაწილეობაზე 
6.1. სტუდენტს უფლება აქვს შეუფერხებლად გაეცნოს ყველა დოკუმენტს, რომელიც შეეხება მის უფლებებს და პასუხისმგებლობას, აგრეთვე მოითხოვოს განმარტების მიღება იმ წესებზე, რომელთა დაცვასაც მისგან მოითხოვენ

6.2. სტუდენტს უფლება აქვს მოითხოვოს მისი უფლებების დარღვევისთვის ბრალეული პირების პასუხისმგებლობის საკითხის განხილვა, აგრეთვე გაეცნოს მისი შუამდგომლობით აღძრული წარმოების გადაწყვეტილებას

6.3. სტუდენტს, რომლის წინააღმდეგაც აღძრულია დისციპლინური წარმოება, უფლება აქვს:
 ა) გაეცნოს ბრალდებას
 ბ) მისცეს ახსნა-განმარტება
 გ) მოითხოვოს სხვა პირების ახსნა-განმარტების მოსმენა
 დ) თავი იმართლოს, გამოთქვას თავისი მოსაზრებები და შეფასებები
 ე) წარადგინოს დოკუმენტები, სხვა მტკიცებულებები
 ვ) მოტივირებული შუამდგომლობით მიმართოს მმართველ საბჭოს ფაკულტეტის საბჭოს დისციპლინური გადაწყვეტილების გაუქმების/შეცვლის მოთხოვნით

   ძიება  
 
   სიახლენი
 
1.ნოე`2010 -
თბილისის ეკონომიკისა და სამართლის აკადემიამ შეიცვალა სახელწოდება ...
» დაწვრილებით
1.ნოე`2010 -
თბილისის ბიზნესისა და მენეჯმენტის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება–კოლეჯი ( ყოფილი თბილისის ეკონომიკისა და სამართლის აკადემია) აცხადებს კონკურსს ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორების აკადემიურ თანამდებობათა დასაკავებლად ...
» დაწვრილებით
18.მაი`2010 -
თბილისის ეკონომიკისა და სამართლის აკადემია აცხადებს ღია კონკურსს აკადემიაში აკადემიური თანამდებობების (სრული პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, და ასისტენტ-პროფესორი) დასაკავებლად. ...
» დაწვრილებით
17.დეკ`2009 -
ლატვიის უნივერსიტეტის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი აკადემიაში ...
» დაწვრილებით
5.ოქტ`2009 -
სემინარი: „სამართლიანი გარჩევის უფლება“ ...
» დაწვრილებით
13.სექ`2009 -
თბილისის ეკონომიკისა და სამართლის აკადემია წარმოადგენს ალბას ბიზნეს სკოლის პარტნიორ უმაღლეს სასწავლებელს ...
» დაწვრილებით
1.სექ`2009 -
თბილისის ეკონომიკისა და სამართლის აკადემია ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა ...
» დაწვრილებით
1.ოქტ`2008 -
2007 წლის ოქტომბერში ედუნივერსალის მიერ თბილისის ეკონომიკისა და სამართლის აკადემიის ბიზნესის მართვის ფაკულტეტი შერჩეულ იქნა ერთ-ერთ საუკეთესო სკოლად მსოფლიოს 1000 საუკეთესო ბიზნეს სკოლათა შორის. აკადემიას მიენიჭა პალმის რტო. ...
» დაწვრილებით

   მისამართი
 

ჩეხოვის ქ. N28
ტელ: (822) 74 79 66
email: resource_center@ael.ge


 

© 2006, თბილისის ეკონომიკისა და სამართლის აკადემია

  ვებ-რუქა | უკუკავშირი