1. საერთო დებულებები 1.1. შინაგანაწესით, საქართველოს შრომის კანონთა კოდექსისა და ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ კანონის საფუძველზე რეგულირდება შრომითი, აკადემიური, დისციპლინური ურთიერთობები თბილისის ეკონომიკისა და სამართლის აკადემიის (შემდგომში _ აკადემია) ადმინისტრაციას, აკადემიურ და დამხმარე პერსონალსა და სტუდენტებს შორის. 1.2. შინაგანაწესი ადგენს პერსონალის სამსახურში მიღების საფუძვლებს, ეთიკის ნორმებს და დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლებსა და წესს, რაც სავალდებულოა აკადემიაში დასაქმებული პირებისა და აკადემიის სტუდენტებისათვის.
2. შრომითი ურთიერთობები აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალთან 2.1. ადმინისტრაციულ თანამდებობებზე არჩევა/დანიშვნა რეგულირდება აკადემიის წესდებით. 2.2. აკადემიურ თანამდებობებზე არჩევა ხდება აკადემიის მმართველი საბჭოს მიერ, ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 35-ე მუხლით განსაზღვრული პირობებით. არჩევის დამატებითი პირობები შეიძლება დაწესდეს მმართველი საბჭოს მიერ, შესაბამისი ფაკულტეტის დეკანის წარდგინებით. 2.3. აკადემიურ თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს, ავტობიოგრაფია. სხვა დოკუმენტების წარმოდგენა შეიძლება მოეთხოვოს კანდიდატს საჭიროებისამებრ.
3. შრომოთი ურთიერთობები დამხმარე პერსონალთან 3.1. დამხმარე პერსონალთან შრომითი ურთიერთობა მყარდება ხელშეკრულების საფუძველზე, საშტატო განრიგით გათვალისწინებულ ერთეულებზე ან შტატგარეშე. 3.2. პერსონალის რიცხოვნობა და პირადი შემადგენლობა განისაზღვრება აკადემიის ორგანიზაციული, სამეურნეო და სხვა საჭიროების მიხედვით. საკადრო საკითხებს, დამხმარე პერსონალის ფუნქციების განსაზღვრას კოორდინაციას უწევს აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი. 3.3. თითოეული თანამშრომლის სამსახურებრივი მოვალეობები განისაზღვრება ხელშეკრულებით.
4. პერსონალის დისციპლინა და პასუხისმგებლობა 4.1 აკადემიაში დასაქმებული პერსონალი ვალდებულია კეთილსინდისიერად, დროულად და კვალიფიციურად გაუძღვეს მასზე დაკისრებულ ფუნქციებს, დაიცვას სხვა პირების უფლებები და კანონიერი ინტერესები, დროულად გამოცხადდეს სამუშაო ადგილზე, გაუფრთხილდეს აკადემიის ქონებას. 4.2. ,,4.1.’’ პუნქტის მოთხოვნათა დარღვევა, საკუთარი უფლებების გადამეტება ან ბოროტად გამოყენება, ამორალური გადაცდომა, სამუშაო დროის გაცდენა საპატიო მიზეზის გარეშე გამოიწვევს პირის დისციპლინურ პასუხისმგებლობას. 4.3. პერსონალის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხებს განიხილავს მმართველი საბჭო, ხოლო გადაწყვეტილება ფორმდება რექტორის ბრძანებით. 4.4. დისციპლინური წარმოების წესი, აგრეთვე დისციპლინური გადაცდომის კვალიფიცირება, სასჯელის ზომა და მისი გამოყენების ვადები განისაზღვრება საქართველოს შრომის კანონთა კოდექსითა და აკადემიის შინაგანაწესით. 4.5. დისციპლინური წარმოების წესით განიხილება აგრეთვე პერსონალის მიერ მასზე დაკისრებული ფუნქციების არაკვალიფიციური გაძღოლის შემთხვევებიც. 4.6. დისციპლინური საკითხის კოლეგიური განხილვა ხდება მმართველი საბჭოს მიერ, საბჭოს წევრის წერილობითი შუამდგომლობის საფუძველზე. 4.7. დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძველი შეიძლება აგრეთვე გახდეს აკადემიის სხვა თანამშრომლის ან სტუდენტის მოხსენებითი ბარათი. უარი დისციპლინური წარმოების დაწყებაზე უნდა იყოს დასაბუთებული. 4.8. საკითხის არსებით განხილვამდე პირს ეძლევა შესაძლებლობა მისცეს ახსნა-განმარტება წერილობით, ან ზეპირად _ მმართველი საბჭოს სხდომაზე, რაც შეიტანება სხდომის ოქმში. 4.9. განსახილველი გადაცდომის ფაქტზე საბჭოს შეუძლია მოისმინოს აგრეთვე სხვა პირების ახსნა-განმარტებებიც, ან გამოითხოვოს ისინი წერილობითი ფორმით. 4.10. საბჭოს გადაწყვეტილება ფორმდება რექტორის ბრძანებით. 4.11. რექტორს შეუძლია შეცვალოს საბჭოს გადაწყვეტილება. ასეთი გადაწყვეტილება უნდა იყოს მოტივირებული. 4.12. დისციპლინური სასჯელის გამოყენების შესახებ ბრძანების ასლი გადაეცემა სასჯელდადებულ პირს.
5. სტუდენტის უფლებები და მოვალეობები 5.1. სტუდენტის (მსმენელის) უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონით, აკადემიის წესდებითა და შინაგანაწესით. 5.2. სტუდენტს უფლება აქვს მიიღოს ინფორმაცია, გაეცნოს დოკუმენტებს, რომლებიც შეეხება მის უფლებებს, ინტერესებს როგორც აკადემიის შიგნით, ასევე უმაღლეს საგანმანათლებლო სისტემაში არსებულ წესებსა და სიახლეებს, ისარგებლოს აკადემიის სასწავლო მატერიალური ბაზით. 5.3. აკადემიაში ნებადართულია სტუდენტური თვითმმართველობის შექმნა. 5.4. სტუდენტი ვალდებულია: ა) დაემორჩილოს აკადემიის შინაგანაწესს, მეცადინეობის განრიგს, რექტორის ბრძანებებს, სტუდენტის ეთიკის კოდექსს, სხვა სახელმძღვანელო დოკუმენტებს. ბ) დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი. გ) დაემორჩილოს სხვა პირების სამართლიან მოთხოვნებს, შენიშვნებს და მითითებებს, დ) აკადემიური წარმატების მისაღწევად ისარგებლოს კეთილსინდისიერი კონკურენციის პრინციპით. ე) გაუფრთხილდეს სასწავლო ინვენტარს და აკადემიის სხვა ქონებას. ვ) თავისი ქმედებით არ შებღალოს აკადემიის რეპუტაცია
6. სტუდენტის პასუხისმგებლობა 6.1. სტუდენტის დისციპლინურ გადაცდომად ჩაითვლება: ა) სასწავლო დროის გაცდენა საპატიო მიზეზის გარეშე, ბ) ალკოჰოლის/ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ ყოფნა აკადემიაში ან აკადემიის გარეთ სასწავლო საათებში. გ) სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული საგნების, ნივთიერებების შემოტანა ან შენახვა აკადემიის ტერიტორიაზე, დ) ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ძალადობის ნებისმიერი აქტი. სხვა პირისთვის შეურაცხყოფის მიყენება, აგრეთვე უხეში დაუმორჩილებლობა აკადემიის პერსონალის სამართლიან მოთხოვნაზე. ე) აკადემიის ინვენტარის, სხვა მატერიალური ფასეულობების დაზიანება ან განადგურება განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით. ვ) სტუდენტის ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები.
6.2. სტუდენტის მიმართ დისციპლინური სასჯელის სახეები და დისციპლინური წარმოების წესი განისაზღვრება სტუდენტის ეთიკის კოდექსით 6.3 დისციპლინური წესით სტუდენტის აკადემიიდან გარიცხვა შესაძლებელია მმართველი საბჭოს გადაწყვეტილებით, უხეში გადაცდომისთვის ან გაფრთხილების მიღების შემდეგ ჩადენილი გადაცდომისთვის, აგრეთვე მისთვის ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლებრივი სასჯელის შეფარდების შემთხვევაში. 6.3. აკადემიიდან გარიცხვა შესაძლებელია სტუდენტის აკადემიური ჩამორჩენის ან სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო. 6.4. გადაცდომით გამოწვეული ქონებრივი ზიანი გამოიწვევს სტუდენტის მატერიალურ პასუხისმგებლობას.
7. სტუდენტის დისციპლინური პასუხისმგებლობის განხილვის სუბიექტები და პრინციპები 7.1. სტუდენტების დისციპლინური პასუხისმგებლობის, აგრეთვე დისციპლინური სასჯელის მოხსნის საკითხს განიხილავს ფაკულტეტის საბჭო. 7.2. მმართველი საბჭოს უფლებამოსილება დისციპლინურ წარმოებაში განისაზღვრება აკადემიის წესდებითა და სტუდენტის ეთიკის კოდექსით. 7.3. დისციპლინური განხილვა წარმოებს გადაცდომასთან დაკავშირებული ყველა გარემოების სრული შესწავლის საფუძველზე. 7.4. დისციპლინური განხილვის ორგანო ღებულობს გადაწყვეტილებას დისციპლინური სასჯელის შერჩევის და გამოყენების შესახებ, ან დისციპლინური განხილვის შეწყვეტის შესახებ. საბჭოს გადაწყვეტილებები უნდა იყოს დასაბუთებული. 7.5. დისციპლინური განხილვის ორგანო განსაზღვრავს გადაცდომის სიმძიმეს და შინაარსს, გადაცდომის მაკვალიფიცირებელი ნიშნები უნდა იყოს დასაბუთებული. 7.6. დისციპლინური წარმოების წესი განისაზღვრება სტუდენტის ეთიკის კოდექსით. 7.7. გადაწყვეტილება დისციპლინური სასჯელის გამოყენების შესახებ ფორმდება რექტორის ბრძანებით.
|