თბილისის ეკონომიკისა და სამართლის სტუდკავშირის პირველი შიდა არჩევნების დებულება მუხლი 1. დებულების მიზანი თბილისის ეკონომიკისა და სამართლის აკადემიის სტუდენტური კავშირის თავმჯდომარის პირველი არჩევნების დებულება ადგენს აკადემიის სტუდენტური კავშირის მომზადების და ჩატარების წესს, არჩევნების ჩატარებისა და არჩევნებში მონაწილეობის სამართლებრივ საფუძველს, ამომრჩეველთა უფლებებსა და გარანტიებს, სტუდენტური კავშირის საარჩევნო კომისიის შექმნის წესსა და უფლებამოსილებებს, არჩევნების პროცედურებში დავების განხილვის წესს. მუხლი 2. ტერმინთა განმარტება 1. ამ დებულების მიზნებისთვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: • არჩევნები _ აკადემიის სტუდენტური კავშირის წარმომადგენლობითი ორგანოს არჩევის პროცესი • საარჩევნო უფლება _ აქტიური და პასიური საარჩევნო უფლება • აქტიური სააეჩევნო უფლება _ სტუდენტის უფლება მონაწილეობა მიიღოს სტუდკავშირის არჩევნებში • პასიური საარჩევნო უფლება _ სტუდენტის უფლება კენჭი იყაროს სტუდკავშირის არჩევნებში • საარჩევნო რეგისტრაცია _ შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ დამოუკიდებელ კანდიდატთა რეგისტრაცია არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად • საარჩევნო სუბიექტი _ ამ დებულების საფუძველზე რეგისტრირებული კანდიდატი • საარჩევნო ადმინისტრაცია _ ამ დებულების საფუძველზე შექმნილი ცესკოს აპარატი • საარჩევნო კომპანია _ საარჩევნო სუბიექტების, კანდიდატისა და საარჩევნო სუბიექტის მიერ არჩევნებში მონაწილეობისა და გამარჯვების მიზნით ჩატარებულ ღონისძიებათა ერთობლიობა • წინასაარჩევნო აგიტაცია _ სტუდენტებისა და საარჩევნო სუბიექტების მიერ ამომრჩეველთა მოწოდება საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერად. • მაჟორიტარი კანდიდატი _ აკადემიის სტუდენტი, რომელიც კენჭს იყრის სტუდკავშირის ორგანოში დამოუკიდებლად. • განმეორებითი კენჭისყრა _ კენჭისყრა, რომელიც განმეორებით იმართება იმ საარჩევნო უბანში, რომელშიც ბათილად იქნა ცნობილი კენჭისყრის შედეგი • არჩევნების დასასრული _ ცესკო-ს მიერ დამტკიცებული არჩევნების საბოლოო შედეგების (განმეორებითი კენჭისყრის ჩათვლით) შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნება • არჩევნების დღე (კენჭისყრის დღე) _ საერთო და ხელახალი არჩევნების ჩატარების დღე • საარჩევნო დოკუმენტაცია _ საარჩევნო კომისიაში შესული და საარჩევნო კომისიიდან გასული განცხადებები, საჩივრები, წერილები, საქმიანი ქაღალდები, ოქმები, საარჩევნო ბიულეტენები, სპეციალური კონვერტები, საარჩევნო ადმინისტრაციის აქტები, საკონტროლო ფურცლები, სარეგისტრაციო ჟურნალები, ამომრჩეველთა სიები და სხვა დოკუმენტები. • სარეგისტრაციო ჟურნალი _ ზონარგაყრილი წიგნი, რომლის ზონარიც ილუქება. დასალუქ ფურცელს ხელს აწერს საარჩევნო კომისიის მდივანი და დაესმევა რექტორის ბეჭედი. მისი ყველა ფურცელი დანომრილია და ახლავს საარჩევნო უბნის ნომერი. • საბუთების შეფუთვა _ საბუთების იმგვარად შეკვრა ან ყუთში ჩაწყობა, რომ შეკვრის (ყუთის) დალუქვის შემდეგ ლუქის დაუზიანბელად შეუძლებელი იყოს (ყუთიდან) რაიმეს ამოღება ან მასში რაიმეს ჩადება. • ლუქი _ ქაღალდის ზოლი, დაწებებული საარჩევნო მოწყობილობის, საბუთების შესაფუთი ყუთის, საბუთების შეკვრის, სარეგისტრაციო Gურნალის, კენჭისყრის გახსნის ადგილზე, რომელზეც აღინიშნება დალუქვის თარიღი და დრო და რომელსაც ხელს აწერენ ამ დებულებით განსაზღვრული პირები • საარჩევნო ოლქი _ საარჩევნო ერთეული, რომელიც დროებით იქმნება სტუდენტური კავშირის არჩევნების ჩასატარებლად და სადაც კენჭს იყრის საარჩევნო სუბიექტი • ამომრჩეველი _ სტუდენტი, რომლის მონაცემებიც შეტანილია ამომრჩეველთა სიაში. მუხლი 3. სტუდკავშირის ცენტრალური საარჩევნო კომისია 3.1 აკადემიაში სტუდკავშირის თავმჯდომარის არჩევნების მომზადებისა და ჩატარებისათვის იქმნება ცენტრალური საარჩევნო კომისია. 3.2 საარჩევნო კომისია დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში. აკრძალულია მის საქმიანობაში ჩარევა ან ზეწოლა, ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იქნება ასეთი ჩარევის ან ზეწოლის შედეგად უნდა გამოცხადდეს ბათილად. მუხლი 4. სტუდენტური კავშირის ცესკო-ს ფორმირების წესი 4.1 სტუდენტური კავშირის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ფორმირება ხდება რექტორის ბრძანებით 4.2 რექტორი ადგენს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემადგენლობას კანდიდატურების წარდგენიდან 2 დღის ვადაში. მუხლი 5. სტუდკავშირის საარჩევნო კომისიის შემადგენლობა 5.1 სტუდენტური კავშირის ცენტრალური საარჩევნო კომისია შედგება არანაკლებ 3 და არაუმეტეს 11 წევრის, მათ შორის თავმჯდომარისა და საარჩევნო კომისიის მდივნისგან. მუხლი 6. ცენტრალური საარჩევნო კომისიის უფლებამოსილება 1. ცესკოს თავის უფლებამოსილების ფარგლებში: ა) უზრუნველყოფს არჩევნების გამართვას, აკონტროლებს დებულების შესრულებას და უზრუნველყოფს მის ერთგვაროვნად გამოყენებას; ბ) იღებს საარჩევნო ადმინისტრაციის რეგლამენტს; გ) თუ შეუძლებელი გახდა ამ დებულებით დადგენილი გარკვეული მოთხოვნების შესრულება და ვადების დაცვა, უფლებამოსილია განკარგულებით განსაზღვროს საარჩევნო ღონისძიებები და მათი ვადები; ასევე, აუცილებლობის შემთხვევაში, აკადემიის რექ ტორს წარუდგინოს წინადადება ახალი არჩევნების თარიღის დანიშვნის თაობაზე. დ) ამ დებულებით განსაზღვრული ვადების შესაბამისად განკარგულებით ადგენს საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკს; ე) ამტკიცებს განმეორებითი კენჭისყრის დღეს; ვ) განცხადების /საჩივრის/ საფუძველზე თავმჯდომარე ამოწმებს საარჩევნო კომისიის წევრების გადაწყვეტილებებსა და აქტების კანონიერებას და დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში განკარგულებით აუქმებს ან ცვლის მათ. საჩივრის შემოსვლის შემთხვევაშიიღებს გადაწყვეტილებას შემოსული პაკეტების გახსნის, საარჩევნო ბიულეტენების ხელახლა დათვლისა და ასევე ამომრჩეველთა სიების გადამოწმების შესახებ; ზ) ცენტრალური საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე ადგენს აკადემიის სტუდკავშირის წარმომადგენლობითი ორგანოს არჩევნების შედეგებს და განკარგულებით სრული შემადგენლობის ორი მესამედით ამტკიცებს ცესკო შემაჯამებელ ოქმს; თ) ანიჭებს დამკვირვებლის სტატუსს; ი) უზრუნველყოფს საინფორმაციო მასალების გამოქვეყნებასა და გავრცელებას; კ) განიხილავს არჩევნებთან დაკავშირებულ განცხადებებსა და საჩივრებს და თავისი უფლებამოსილებვის ფარგლებში იღებს სათანადო გადაწყვეტილებას; ლ) ადგენს ამომრჩეველთა ერთიან სიას, ახდენს მის კომპიუტერულ დამუშავებასა და საჯარო ინფორმაციისათვის განკუთვნილი ნაწილის ინტერნეტში განთავსებას; მ) ატარებს წილისყრას კანდიდატებისათვის ნომრის მისანიჭებლად ნ) ახორციელებს ამ დებულებით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას. მუხლი 7. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა არჩევა 1. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, დავმჯდომარის მოადგილის, მდივნის თანამდებობაზე კანდიდატებად განიხილებიან კომისიის შემდეგი წევრები: ა) ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის კანდიდატად – აკადემიის რექტორის მიერ წამოყენებული კანდიდატურა; ბ) კომისიის თავმჯდომარის მოადგილეობის კანდიდატად – კომისიის თავმჯდომარის მიერ წამოყენებული კანდიდატურა გ) კომისიის მდივნობის კანდიდატად – კომისიის თავმჯდომარის ან არანაკლებ ორი წევრის მიერ წამოყენებული კანდიდატურა; 2. თუ დადგენილ ვადაში ვერ აირჩა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და მდივანი, აღნიშნული თანამდებობის პირის მოვალეობას მის არჩევამდე ასრულებს ის კანდიდატი, რომელიც არჩევნებისას ყველაზე მეტ ხმას მიიღებს, ხოლო ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში – წილისყრით განსაზღვრული პირი. 3. თუ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს და თავმჯდომარის მოადგილეს ერთდროულად ან კომისიის მდივანს დროებით არ შეუძლიათ ამ დებულებით განსაზღვრული ისეთი მოვალეობის შესრულება, რომელიც მათ უფლებამოსილებას მიეკუთვნება, კომისია თავისი შემადგენლობიდან ამ მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტებით დადგენილი წესით დაუყოვნებლივ ირჩევს კომისიის თავმჯდომარის ან მდივნის მოვალეობის შემსრულებელს. Kკომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილება შეწყდება, როგორც კი კომისიის თავმჯდომარე ან თავმჯდომარის მოადგილე შეძლებს თავისი უფლებამოსილების განხორციელებას, ხოლო კომისიის მდივანის მოავლეობის შემსრულებლის უფლებამოსილება შეწყდება, როგორც კი მდივანი შეძლებს თავისი უფლებამოსილების განხორციელებას. მუხლი 8. ამომრჩეველთა ერთიანი სია და მისი ფორმირების წესი 1. ამომრჩეველთა ერთიანი სია არის ამ დებულებით დადგენილი წესით რეგისტრირებულ, აქტიური საარჩევნო უფლების მქონე სტუდენტთა სია, რომელიც წარმოდგენილია ფაკულტეტებისა და სპეციალობების მიხედვით. 2. ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეტანილ უნდა იქნას სტუდენტის შესახებ შემდეგი ინფორმაცია: • გვარი, სახელი; • ფაკულტეტი; • საკონტაქტო ინფორმაცია 3. ამომრჩეველთა ერთიან სიაში სტუდენტის მონაცემები შეტანილ უნდა იქნას მისი ფაკულტეტის მიხედვით. 4. ცენტრალური საარჩევნო კომისია, შემდგომში ,,ცესკო” უზრუნველყოფს ამომრჩეველთა ერთიანი სიის კომპიუტერულ დამუშავებას. 5. ცესკო უზრუნველყოფს ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯაროობას. არჩევნებამდე 3 დღით ადრე ცესკო ვალდებულია გამოაკრას ამომრჩეველთა სიები 6. თუ სტუდენტის მონაცემები არ იქნება ან არასწორად იქნება დაფიქსირებული ამომრჩეველთა წინასწარ სიაში, სტუდენტს უფლება აქვს მიმართოს ცესკოს სიაში შეყვანის ან ამომრჩეველთა სიაში დაშვებული შეცდომის გასწორების მოთხოვნით. მუხლი 9. საარჩევნო სუბიექტთა რეგისტრაცია სტუდკავშირის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს თბილისის ეკონომიკისა და სამართლის აკადემიის ნებისმიერ სტუდენტს, რომელიც ამ დებულებით დადგენილი წესით გაივლის რეგისტრაციას ცესკოში. მუხლი 10. არჩევნებში მონაწილე კანდიდატთა რეგისტრაციის წესი 1. სტუდკავშირის არჩევნებში თავმჯდომარის კანდიდატად მონაწილეობის მიღების უფლება აქვს აკადემიის ნებისმიერ სტუდენტს, რომელიც სწავლობს თბილისის ეკონომიკისა და სამართლის აკადემიაში. ჩესკო ვალდებულია რეგისტრაციაში გაატაროს ყველა სტუდენტი, რომელიც წარმოადგენს შემდეგ დოკუმენტაციას: _ სახელი, გვარი _ ფაკულტეტი _ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი _ სამოქმედო პროგრამა _ მისი მხარდამჭერი 30 სტუდენტის სია და ხელმოწერები 2. კანდიდატი არ შეიძლება იყოს კომისიის წევრი, დამკვირვებელი და ასევე ნებისმიერი იმ თანამდებობის პირი, რომელიც დაკავშირებულია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საარჩევნო პროცესის მომზადებასა და მიმდინარეობასთან.
მუხლი 10. საარჩევნო უბნის გახსნა 1. საარჩევნო უბანი იხსნება კენჭისყრის დღის 9:00 საათზე, ხოლო კენჭისყრა იწყება 10:00 სთ-ზე. უბნის გახსნის შემდეგ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, საარჩევნო კომისიის წევრებსა და კენჭისყრის ოთახში ყოფნის უფლების მქონე პირთა თანდასწრებით, კომისიის წევრთაგან წილისყრით გამოავლენს /წილისყრაში არ მონაწილეობს კომისიის თავმჯდომარე/ • კენჭისყრის ოთახში ამომრჩეველთა ნაკადის მარეგულირებელი კომისიის წევრს; • ამომრჩეველთა რეგისტრატორ კომისიის წევრებს /მინიმუმ ორი/, რომლებიც გასცემენ საარჩევნო ბიულეტენებს უკანა გვერდზე სათანადო ადგილას ხელის მოწერის შემდეგ; • ყუთზე ზედამხედველს 3. წილისყრის დროს ერთი და იმავე საწერი საშუალებით კომისიის თავმჯდომარე წერს კომისიის წევრთა ამ მუხლის I პუნქტში აღნიშნულ ფუნქციებს ცალ-ცალკე ფურცლებზე, ათავსებს საარჩევნო ყუთში და ურევს მათ. წილისყრის მონაწილე კომისიის წევრები ყუთიდან სათითაოდ იღებენ თითო ფურცელს. წილისყრის დასრულების შემდეგ საარჩევნო კომისიის მდივანს შედეგები შეაქვს დაუყონებლივ სარეგისტრაციო ჟურნალში. 4. საარჩენვო ყუთი ილუქება და კომისიის თავმჯდომარე პირველი ამომრჩევლის მისვლის შემდეგ საკონტროლო ფურცელს ადგენს, საკონტროლო ფურცელი ივსება ორ ცალად და მათ ხელს აწერენ პირველი ამომრჩეველი და საარჩევნო კომისიის ყველა დამსწრე წევრი. საკონტროლო ფურცლებზე აღინიშნება საარჩევნო ყუთში ჩაგდების ზუსტი დრო და პირველი ამომრჩევლის გვარი, სახელი, ფაკულტეტის დასახელება. საკონტროლო ფურცლის ერთი ეგზემპლარი ინახება საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან, საარჩევნო ყუთების გახსნის შემდეგ მასში არსებულ საკონტროლო ფურცელთან შედარების მიზნით. მუხლი 11. საარჩევნო ბიულეტენი ცენტრალური საარჩევნო კომისია საარჩევნო ბიულეტენს გასცემს ამომრჩეველთა სიის საფუძველზე. ბიულეტენის გაცემას ადასტურებს რეგისტრატორი ამომრჩეველთა სიაში და ბიულეტენზე ხელმოწერით, ამომრჩეველი საარჩევნო ბიულეტენის მიღებას ადასტურებს ამომრჩეველთა სიაში ხელმოწერით. მუხლი 12. კენჭისყრის ჩატარება 1. თითო ამომრჩეველი ხმას აძლევს პირადად, დაუშვებელია ხმის მიცემა სხვა პირის ნაცვლად; 2. ხმის მიცემის პროცედურა ტარდება შემდეგი წესისა და თანმიმდევრობის დაცვით: ა) თუ სტუდენტი არის ამომრჩეველთა ერთიან სიაში, მას ენიჭება კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება. ამომრჩეველთა ნაკადის მარეგულირებელმა კომისიის წევრმა კენჭისყრის ოთახში ამომრჩეველი უნდა შეუშვას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისთვის განკუთვნილ სარეგისტრაციო მაგიდასთან ორზე მეტი ამომრჩეველი არ იმყოფება. ბ) რეგისტრატორი ამომრჩევლის სიაში ყოფნის დადასტურების შემთხვევაში ხელის მოწერით ადასტურებს საარჩევნო ბიულეტენის გაცემას, გაცემისას რეგისტრატორი ხელს აწერს ბიულეტენის უკანა გვერდზე სათანადო გრაფასა და ამომრჩეველთა სიაში. გ) ბიულეტენის მიღების შემდეგ ამომრჩეველი შედის ფარული კენჭისყრის კაბინაში და ავსებს საარჩევნო ბიულეტენს. ბიულეტენის შევსების შემდეგ ამომრჩეველმა იგი ისე უნდა დაკეცოს, რომ არ ჩანდეს, ვის მისცა ხმა. დაკეცილ ბიულეტენს ამომრჩეველი ათავსებს საარჩევნო ყუთში და ტოვებს კენჭისყრის ოთახს; დ. საარჩევნო ყუთთან ერთდროულად ერთზე მეტი ამომრჩევლის მისვლა იკრძალება; ე. საარჩევნო ყუთთან მუდმივად უნდა იმყოფებოდეს საარჩევნო ყუთზე ზედამხედველი კომისიის წევრი. მას დახურული უნდა ჰქონდეს ბიულეტენის ჩასაგდები ჭრილი, რომელიც უნდა გაიხსნას მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ ამომრჩეველს ხელში მხოლოდ ერთი ბიულეტენი აქვს. ვ. კენჭისყრის დასრულების შემდეგ ილუქება საარჩევნო ყუთში ბიულეტენის ჩასაგდები ჭრილი. 3. თუ ამომრჩეველს ან საარჩევნო კომისიის წევრს გაუფუჭდა საარჩევნო ბიულეტენი, მან ამის შესახებ უნდა აცნობოს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, ჩააბაროს გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენი და მიიღოს ახალი. გაფუჭებულ საარჩევნო ბიულეტენს ამომრჩევლის თანდასწრებით ჩამოეჭრება კუთხე, წაეწერება ,,გაფუჭებულია” , ხელს მოაწერს კომისიის თავმჯდომარე და იგი ცალკე შეინახება. 4. კენჭისყრის ოთახი იკეტება 17:00 საათზე. Aამ დროისთვის რიგში მდგომ ამომრჩევლებს შეუძლიათ ხმის მიცემა. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე აღნიშნავს რიგში მდგომი ამომრჩევლების გვარსა და სახელს და მათ რაოდენობას აცნობებს საარჩევნო კომისიას, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ რიგში მდგომ ამომრჩევლებს. მუხლი 13. არჩევნების შედეგების შეჯამება 1. კენჭისყრის დასრულების შემდეგ საარჩევნო კომისიის წევრები ითვლიან საარჩევნო სიებში ხელმოწერების მიხედვით არჩევნებზე გამოცხადებულ ამომრჩეველთა რაოდენობას, რაც ფიქსირდება შესაბამის შემაჯამებელ ოქმში, რომელშიც აისახება არჩევნებში მონაწილე კანდიდატის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა. შემაჯამებელ ოქმში შეიტანება შემდეგი მონაცემები: ა. ფაკულტეტის ამომრჩეველთა რაოდენობა სიების მიხედვით; ბ. არჩევნებზე გამოცხადებულ ამომრჩეველთა რაოდენობა საარჩევნო სიებში ამომრჩეველთა ხელმოწერების მიხედვით; გ. სარჩევნო ყუთში აღმოჩენილი საარჩევნო ბიულეტენების საერთო რაოდენობა; დ. ბათილი საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა; ე) თითოეული კანდიდატის მიერ მოპოვებული ხმების რაოდენობა; ვ) კომისიის ყველა წევრის ხელმოწერა 2. არჩევნები ჩატარებულად ითვლება, თუ გამოცხადდა ამომრჩეველთა სიებში შეტანილ ამომრჩეველთა 1/3 მაინც. 3. არჩევნებზე გამოცხადებულ ამომრჩეველთა რაოდენობის დათვლის შემდეგ იხსნება საარჩევნო ყუთი და კომისიის წევრები ითვლიან საარჩევნო ბიულეტენებს. 4. საარჩევნო ყუთიდან ამოღებული და წრიულად შემოხაზული საარჩევნო ბიულეტენები ლაგდება ცალ-ცალკე, არჩევნებში მონაწილე კანდიდატურის მიხედვით. ცალკე ლაგდება ბათილი საარჩევნო ბიულეტენები. 5. საარჩევნო ბიულეტენი ბათილია, თუ: ა. არ აღმოჩნდა საარჩევნო ბიულეტენზე ხელმომწერი კომისიის წევრის ხელმოწერა; ბ. თუ არ არის შემოხაზული არც ერთი კანდიდატურა; გ. თუ შემოხაზულია ერთზე მეტი კანდიდატურა; დ. თუ შეუძლებელია გაირკვეს, რომელ კანდიდატს მისცა ხმა ამომრჩეველმა; 6. არჩევნებში გამარჯვებულად ითვლება საუკეთესო შედეგების მქონე კანდიდატი.
მუხლი 14. დარღვევის ოქმი არჩევნების დღეს ამ დებულებით დადგენილი წესის დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში კანდიდატი, დამკვირვებელი, საარჩევნო კომისიის წევრი ან ამომრჩეველი უფლებამოსილია შეადგინოს დარღვევის ოქმი, რომელშიც მიეთითება: ა. ოქმის შემდგენი პირის სახელი, გვარი, მისამართი; ბ. ოქმის შემდგენი პირის სტატუსი(კანდიდატი, ამომრჩეველი, დამკვირვებელი, საარჩევნო კომისიის წევრი); გ. დარღვევის შინაარსი დ. დარღვევის დაფიქსირების დრო; ე. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ხელმოწერა, ან აღნიშვნა მის მიერ ხელმოწერაზე უარის შესახებ; ვ. მოწმეების ვინაობა(იმ შემთხვევაში, თუ არსებობენ მოწმეები, რომლებიც დაადასტურებენ ამ ფაქტობრივ გარემოებას) და მათი ხელმოწერები; ზ. ოქმის შემდგენი პირის მოთხოვნა; თ. ოქმის შემდგენი პირის ხელმოწერა.
მუხლი 15. არჩევნების შედეგების გამოცხადება არჩევნების შედეგები ცხადდება არჩევნების დღეს. ჩესკო ვალდებულია ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას გამოაკრას არჩევნების შედეგების აქტი.
მუხლი 16. არჩევნების შედეგების გასაჩივრება 1. არჩევნების შედეგების გამოცხადებიდან 24 საათის განმავლობაში კანდიდატს, დამკვირვებელს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრს ან ამომრჩეველს უფლება აქვს შეიტანოს საჩივარი ამ დებულებით განსაზღვრული წესის დარღვევასთან დაკავშირებით დაწესებულების საარჩევნო კომისიაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ საჩივრები არ მიიღება. 2. საჩივარი უნდა შეიცავდეს შემდეგ რეკვიზიტებს: ა. საჩივრის შემტანი პირის სახელი, გვარი, მისამართი; ბ. საჩივრის შემტანი პირის სტატუსი(კანდიდატი, ამომრჩეველი, დამკვირვებელი, საარჩევნო კომისიის წევრი); გ. დარღვევის შინაარსი; დ. მოწმეების ვინაობა(იმ შემთხვევაში, თუ არსებობენ მოწმეები, რომლებიც დაადასტურებენ ამ ფაქტობრივ გარემოებას) და მათი ხელმოწერები; ე. საჩივრის შემომტანი პირის მოთხოვნა; ვ. საჩივრის შემომტანი პირის ხელმოწერა 3. საჩივარს თან ერთვის დარღვევის ოქმის ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში. 4. დაწესებულების საარჩევნო კომისია ვალდებულია საჩივრის შეტანიდან 3 დღის განმავლობაში განიხილოს საჩივრები და მიიღოს გადაწყვეტილება. 5. არჩევნების ბათილად ცნობის შესახებ გადაწყვეტილებას ცესკო იღებს იმ შემთხვევაში, თუ მიიჩნევს, რომ ამ ბრძანებით დადგენილი წესის ან/და საარჩევნო კომისიის მიერ საარჩევნო ბიულეტენის დათვლის პროცესში გამოვლენილმა დარღვევამ არსებითი გავლენა იქონია არჩევნების შედეგზე.
მუხლი 17. საბოლოო შედეგების გამოქვეყნება 1. დაწესებულების საარჩევნო კომისისა არჩევნების საბოლოო შედეგებს აქვეყნებს სტუდენტთათვის ხელმისაწვდომ ადგილას. 2. არჩევნების საბოლოო შედეგები ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.
აკადემიის რექტორი: /ა. რიჟამაძე/ |